ზღაპარი



ერთ მზიან, ნათელ დღეს ვატომ, პატარა ბიჭმა, კუს ტბაზე გასეირნება გადაწყვიტა. გაირბინა, გამოირბინა, ხან ცას ახედა, ხან ჭიანჭველებს დააკვირდა და ასე თამაშ-თამაშით ტყის გზას დაადგა. ამავე დროს, ქალაქის მეორე ბოლოში პატარა გოგონა, მარიკა გამოვიდა სახლიდან და საყიდლებზე გასწია. მაღაზიაში შეიარა, შოკოლადები, ფუნთუშები, ორცხობილები ჩააწყო პატარა ხელჩანთაში. მაღაზიიდან გამოსულმა მზეს ახედა, მოეწონა ნათელი დღე და სწორედ იმ ტყის ბილიკს შეუყვა, სადაც ვატო მისეირნობდა. წამოეწია ბიჭს. მიესალმა, გაუღიმა, ერთად ვისეირნოთო, შესთავაზა. ვატოს გაუხარდა, მარტო არ მომიწევს გართობაო და ერთად დაიწყეს კარგი ადგილის ძებნა, სადაც კოცონს გააჩაღებდნენ და მცირე ხნით დაბანაკდებოდნენ. კვამლი შეამჩნიეს, მიჰყვნენ მას, საიდან მოდისო და პატარა მდელოზე ამოჰყვეს თავი. ბავშვებიც მალე შეამჩნიეს - ლაშა, ნინი, ნინიკო, სოფო და სანდრო. მათ კოცონი უკვე დაენთოთ, მის გარშემო ისხდნენ და ერთმანეთს სახალისო ამბებს უყვებოდნენ.
„მე პატარა დაიკო მყავს“, - ამბობდა სანდრო.
„მე – უფროსი ძმები“, - შეაგება ნინიმ.
ნინიკო ძაღლზე ლაპარაკობდა, სოფო - ფისოზე.
ვატო და მარიკა ბავშვებს შეუერთდნენ და სწორედ მაშინ ახსენა ლაშამ, მე ყველაზე მეტად ექიმობა მინდა და თუ სადმე რამეს ვპოულობ მედიცინის შესახებ, ყველაფერს ვკითხულობო. ამ სიტყვების თქმა იყო და უცებ, თითქოს ციდან ჩამოვარდაო, სპაიდერმენი დაადგათ თავზე.
-         მედიცინაზე კითხულობ? ბევრი იცი? აი, იქ, - სპაიდერმენმა ტყის სიღრმისკენ გაიშვირა ხელი, - ერთი მოხუცი მეფე ცხოვრობს. ავად გახდა, რა არ ურჩიეს და ვერაფერმა უშველა, ცუდად არის და სულ კვნესის, იქნებ წამოხვიდე და დაეხმარო.
ბავშვები ძალიან შეწუხდნენ, წამოიშალნენ და მეფის დასახმარებლად წავიდნენ. როგორც კი სპაიდერმენის მიერ მინიშნებულ გზას დაადგნენ, ტყემ სახე იცვალა და ზღაპრულ ქვეყანაში აღმოჩნდნენ, ფერად, ჯადოსნურ ნივთებს შორის. სასახლეში მისულებს კარი ფართოდ გაუღეს, ლამაზი სავარძლები შესთავაზეს, ლაშა კი მეფის ოთახში გაიყვანეს. ლაშამ ხან წამალი დაალევინა მეფეს, ხან სიცხე გაუზომა, ხან კომბოსტოს ფურცლები დააფინა შუბლზე, მაგრამ ვერა და ვერ უშველა. დაღონებულმა ბოდიში მოიხადა და სასახლის ბაღში გავიდა სასეირნოდ, იქნებ რამე უებარი მომაფიქრდესო. დაადგა გზას. უცებ ბუჩქებიდან გველი გამოსრიალდა. თვალებს შორის სწორედ ისეთი სიმბოლო ჰქონდა, სამედიცინო წიგნებში რომ უნახავს ლაშას.
-         ვიცი, რამაც დაგაღონა, - უთხრა გველმა ლაშას, - ნუ გეშინია ჩემი, მე არც ბოროტი და ბრაზიანი ვარ და არც არაფერს დაგიშავებ, მკურნალობა კი კარგი ვიცი, წამიყვანე მეფესთან, მე დავეხმარები.
ლაშამ დაუჯერა გველს, მიიყვანა მეფესთან. გველმა კუდი მიუსვ-მოუსვა მეფეს, მერე ენის წვერით ძალიან ფრთხილად შეეხო ხელისგულზე და ნამდვილი სასწაული მოახდინა. მეფეს ფერი და ღონე დაუბრუნდა, საჭმელ-სასმელი მოითხოვა, მალე ფეხზეც წამოდგა და სტუმრები გამაცანითო, უბრძანა მსახურებს. სათითაოდ შემოვიდნენ ვატო, მარიკა, ნინი, ნინიკო, სოფო და სანდრო.
-         სტუმრების პატივსაცემად კონცერტი უნდა გავმართო, მოიპატიჟეთ მოცარტი! - ბრძანა ხელმწიფემ.
უცებ დარბაზში როიალი შემოაგორეს, მსახურები კარის გასწვრივ ჩამწკრივდნენ, ლამაზკაბიანი ქალები კი მოცარტს შემოუძღვნენ დარბაზში. კომპოზიტორი ყველას მიესალმა, მეფეს გამოჯანმრთელება მიულოცა და როიალს მიუჯდა.

ისმის „თურქული მარში“. კადრში კი ბავშვების ბედნიერი სახეები ჩანს.

0 comments:

Post a Comment